მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამართულ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა, მოსკოვში 14 თებერვალს დაგეგმილ ფესტივალში არ გამოვა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალში ანასტასია გუბანოვას გამოსვლა იგეგმებოდა, რუსულმა სპორტულმა სააგენტოებმა გაავრცელეს.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია კი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია: „ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონისძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს.
როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს".