გაუსკდათ ამბავი, რომ ფრაზების უკან „სააკაშვილი მოწამლეს“ იდგა დასკვნა, რომელშიც ასობით ათასი დოლარი იყო გადახდილი - მდინარაძე

08 თებერვალი 2023, 17:15 577 ნახვა

მამუკა მდინარაძის თქმით, უკვე დადასტურებულად შეიძლება თქმა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მსოფლიო პრესაში გამოქვეყნებული სტატიები შეკვეთილი იყო.

მისივე განმარტებით, ფრაზების უკან  „სააკაშვილი მოწამლეს“, „ძალიან ცუდად არის“, იდგა დასკვნა, რომელშიც ასობით ათასი დოლარი იყო გადახდილი.

„როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე მილიონი დაიხარჯა, პირადად ჩემთვის სხვა დასკვნის გამოტანის საშუალება არ არსებობს. ექვსი თვე გავიდა ხელშეკრულების გაფორმებიდან და მათ ოფიციალურად მოუწიათ გამოქვეყნება. ამერიკული კანონმდებლობით, ლობისტურ ორგანიზაციას, თუ ლობისტურ საქმიანობას ვინც ახორციელებს, ინფორმაციის გამოქვეყნება უწევს. როგორც ჩანს, მათ ეგონათ, რომ აქამდე მიზანს მიაღწევდნენ, სააკაშვილსაც გამოუშვებდნდენ, ქვეყანასაც არევდნენ და შემდეგ აღარავის გაახსენდებოდა ამერიკის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე სავალდებულო წესით ატვირთული ხელშეკრულება, მაგრამ რადგან ეს ვერ მოახერხეს, ახლა უკვე სკანდალი მოხდა და ძალიან ცუდი რამ დაემართათ.

გაუსკდათ ამბავი, რომ თითოეული ფრაზის უკან, მოწამლეს – ამის უკან იდგა დასკვნა, რომელშიც ასობით ათასი დოლარი იყო გადახდილი. ვიღაც სხვა დიაგნოზზე მიუთითებდა, რომ ძალიან ცუდად არის. ამის უკანაც იდგა ასეულობით ათასი დოლარი და ა.შ. როდესაც მათ ოფიციალურად მილიონ დოლარზე გაფორმებული ხელშეკრულების გამოქვეყნება მოუწიათ, წარმოიდგინეთ, რამდენია იმის იქით შეკვეთილ სტატიებში დახარჯული, რაც ბევრი ქართული ნიუსის საფუძველი გახდა.

ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მსოფლიო პრესაში ერთდროულად რამდენიმე ათეულ, საკმაოდ ავტორიტეტულ გამოცემებში გაჩნდა ერთი და იგივე სათაურებით და ანალოგიური ტექსტებით უამრავი სტატია. უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული მათგანი შეკვეთილი იყო. კონკრეტული ფული იყო გადახდილი, თან გადახდილი იყო არა ათასი, ორიათასი და სამი ათასი დოლარი, არამედ უკვე დადასტურებულად საუბარია ასეულობით ათას და მილიონობით დოლარზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში