თურქეთში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

07 თებერვალი 2023, 18:43 834 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით,სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ადგილსამყოფლის, მათი მდგომარეობისა და საჭიროებების დადგენის მიზნით, დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან.

„აღსანიშნავია, რომ სტიქიის ზონაში საავტომობილო გზებისა და აეროპორტების დაზიანების გამო შეფერხებულია გადაადგილება, აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები და განმეორებითი ბიძგები. შესაბამისად, მდგომარეობა სწრაფად იცვლება. იცვლება დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რიცხვიც. საელჩოს ქალაქის ნომრებზე, მოქმედ ცხელს ხაზებზე, ასევე ელჩისა და საელჩოს თანამშრომლების სოციალურ ქსელებზე ორი დღის განმავლობაში შესულია საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მიმართვა.

ამასთან, საელჩოს მიმართა საქართველოს ასზე მეტმა მოქალაქემ. მათ შორის, განსაკუთრებით რთული იყო 20-მდე მოქალაქის შემთხვევა. აქედან, 14 მოქალაქის ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დადგენილია. შედგა მათთან კომუნიკაცია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ექვსი მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. ამ ეტაპზე დასტურდება საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალება. საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს, რათა მოძიებული იქნას მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანის და დახმარების ალტერნატიული გზები“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი