გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 3.39%-ით არის შემცირებული - შსს

31 იანვარი 2023, 14:12 655 ნახვა

გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3.39 პროცენტით (1 908 ფაქტი) - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა; მკვლელობის მცდელობა; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა; ქურდობა, მათ შორის ბინის გაქურდვა და სხვ.

"აუცილებლად უნდა აღინიშნოს დანაშაულის გახსნის მატება, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება. მონაცემები უკვე გამოქვეყნდა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე: info.police.ge. აქვე გაგაცნობთ ერთ სიახლეს - შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც შემუშავდა მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები. ყველასთვის ცნობილია, რომ საზოგადოებაში არსებული ინტერესის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემატურად აქვეყნებს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის: დანაშაულის სტატისტიკა; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემები; ოჯახში ძალადობის სტატისტიკა; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა; გაცემული მართვის მოწმობების შესახებ ინფორმაცია; სამინისტროს საქმიანობას მიკუთვნებული ბევრი სხვა მონაცემი.

ხაზგასასმელია, რომ არ იცვლება დანაშაულის სტატისტიკის დამუშავების მეთოდოლოგია, თუმცა იცვლება ვადები და გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო დეტალური ხდება.

აღნიშნული ცვლილების მთავარი მიზანია, დანაშაულის სტატისტიკის ანალიზის გაუმჯობესების შესაძლებლობა.

პრაქტიკული ანალიზით ცხადი გახდა, რომ სამართალდამცველების მიერ დანაშაულებრივი ფაქტის გამოვლენის, შემდეგ დანაშაულის გახსნის და დევნის დაწყების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდი არასაკმარისია სრულყოფილი ანალიზისა და დასკვნებისთვის.

გამოქვეყნების ახალი წესი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა, ის საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია, უფრო დეტალურად გაეცნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

ბრძანება შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები, დანაშაულის სახეობის, კონკრეტული მუხლებისა და გახსნის მაჩვენებლის მითითებით გამოქვეყნდება​ წელიწადში 4-ჯერ, კვარტალურად.

ხაზგასასმელია, რომ ყველა ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემები გამოქვეყნდება ყოველი წლის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი ფორმით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მონაცემების გამოქვეყნების ფორმისა და ვადების ცვლილება არ შეეხება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, მზადყოფნას აცხადებს, თავის კომპეტენციას მიკუთვნებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზეც იქნება საყოველთაო საჯარო ინტერესი, არსებული რესურსების გათვალისწინებით, დაამუშაოს და აცნობოს საზოგადოებას“, - განაცხადა დარახველიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი