საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სანქციები ამოქმედდა, 1000-ზე მეტი საბაჟო ოპერაცია გაუქმდა. მისივე თქმით, ამას გარდა 500-ზე მეტი შემთხვევაა, როდესაც ბიზნეს ოპერატორები წინასწარ გააფრთხილეს, რომ აღნიშნული ოპერაციის შესრულებით საერთაშორისო სანქციები ირღვეოდა, შესაბამისად, ეს ოპერაციები აღარ განხორციელდა.
როგორც ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აღნიშნა, საქართველოს საბაჟო კოდექსი ევროკავშირის საბაჟო კოდექსს სრულად ემთხვევა. მისივე თქმით, სანქციების გამო, საბაჟო-გამშვებ პუნქტებს მკაცრად აკონტროლებენ და პრაქტიკულად ყველა პუნქტზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა ვითარდება.
საბაჟო დეპარტამენტის 18 მებაჟე-ოფიცერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეული შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციების მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ.