ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის, ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კლინიკის ბრალდებულ უფროს ექთანს, თეა ბეგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.
საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, აღნიშნულ საფრთხეებს კი 7 000-ლარიანი გირაო უზრუნველყოფდა. დაცვის მხარე პროკურორის პოზიციას არ იზიარებდა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბრალდებულს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ამასთან, სხდომაზე ბრალდებულმა საკუთარი პოზიცია გამოთქვა. ბეგიაშვილის განცხადებით, მის მიერ განხორციელებული ქმედებებში გადაცდომა არ ყოფილა.
უფროს ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით 23 იანვარს წარედგინა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება).