საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ასევე შეხვდა ADP ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს ედვარდ ორქრაითს. ფრანგულმა კომპანია ADP ჯგუფმა Tav Airports-ის აქციები იყიდა და მისი მფლობელი გახდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და აეროპორტების სამომავლო განვითარების სტრატეგია მიმოიხილეს. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ისევე როგორც ტურიზმის მზარდი დინამიკა ამბიციური გეგმების დასახვის შესაძლებლობას ქმნის. ყურადღება დაეთმო როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, რომელზე მუშაობა დასრულების ფაზაშია. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმას, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება.