დავოსში საქართველოს პრემიერი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.
დავოსში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სასტუმროების და კურორტების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორსაც შეხვდა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში ჰოლდინგის პორტფელის გაზრდა და არსებული ინვესტიციების დივერსიფიკაცია.
შეხვედრაზე სასტუმროებისა და უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. მომდევნო დღეების განმავლობაში ეკონომიკური შეხვედრების დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და ამ საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი მწვავე ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისია.