საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დამატებით 6 ტრადიციას მიენიჭა. აღნიშნული ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა გამოსცა.
დოკუმენტის მიხედვით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შემდეგ ტრადიციებს მიენიჭა:
• „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;
• „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;
• „რთველის ტრადიცია საქართველოში“;
• „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;
• „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;
• „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წეს-ჩვეულებები საქართველოში“.
ნიკოლოზ აზნაურაშვილის ბრძანება 9 იანვარს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.