მაღალმთიან აჭარაში დღეს დილიდან გამოიდარა. წუხელ ღამით მოსული თოვის შედეგად, თოვლის საფარმა ხულოს მაღალი ზონის სოფლებში 80 სანტიმეტრს მიაღწია, ხოლო დაბალ ზონაში ნახევარ მეტრამდეა.
გზებზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თემებთან მისასვლელი გზები თითქმის გაწმენდილია, მაღალი გამავლობის ავტომობილებით შესაძლებელია 60-მდე სოფელთან მისვლა.
ასევე მთლიანად გაიწმინდა კურორტ „გოდერძთან“ დამაკავშირებელი გზა და მოძრაობა მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის დასაშვებია. ერთ მეტრს აღწევს თოვლის საფარი შუახევის მაღალი ზონის სოფლებში, ხოლო ქედაში 70 სანტიმეტრია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს. მაღალმთიანი აჭარის სოფლებში გაწმენდით სამუშაოებში 40-მდე სპეცტექნიკაა ჩართული.
რაც შეეხება ელექტრო ენერგიას, ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, შეფერხებაა შუახევში ჭვანის ხეობის რამდენიმე აბონენტისათვის. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.