ევროპარლამენტარები სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ

14 დეკემბერი 2022, 11:19 454 ნახვა

მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას ევროპელმა დეპუტატებმა და ეს ჰუმანიტარული საჭიროებებით ახსნეს. განცხადებები ამის შესახებ სტრასბურგში, საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე გაკეთდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა, რომ  საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ამისთვის კი ევროპარლამენტარებმა ხელისუფლებას და ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, დაძლიონ პოლარიზაცია და მთავარ მიზანზე ევროინტეგრაციაზე ერთად იმუშაონ.

სტატუსის მისაღებად მთავარ პრიორიტეტად კვლავ 12 რეკომენდაციის შესრულება სახელდება. “საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მემკვიდრეობის საკითხი აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი თემაა, ამიტომ მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ განვიხილავთ მის გათავისუფლებას, როგორც წმინდა ჰუმანიტარულ საკითხს.," - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სვენ მიქსერმა.

რასა იუკნევიჩინი კი ფიქრობს, რომ ევროპაში ჰიტლერისა და სტალინის მიერ შემორჩენილი გამყოფი ხაზები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი, ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა. აზრს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, იზიარებს ევროპარლამენტის წევრი დევიდ მაკკალისტერიც.

ჰუმანიტარული მიზეზების გამო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე ისაუბრა ვიოლა ფონ კრამონმაც და ის ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. ათი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი გასაოცარ დემოკრატიას დაგვპირდა, სინამდვილეში კი, დატყვევებული ქვეყანა მოიტანა.  – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში