ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას - მის შესახებ საქართველოს ყოფილი პრზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
„მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.
ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს, მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
ცხოვრებაში არასოდეს მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობისა და სულგრძელობის იმედი მაქვს“, – ნათქვამია გიული ალასანიას მიმართვაში.