საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება.
მინისტრის განმარტებით, ექსპერტიზაზე უარი თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"რაც შეეხება მოწამვლას, ერთ-ერთმა ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რაზეც ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაგირება. მივმართეთ ექსპერტიზას და როდესაც მივიდნენ ექსპერტიზის წარმომადგენლები, თავად სააკაშვილმა განაცხადა ამ ექსპერტიზაზე უარი“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილს მედიკამენტებს ექიმები აწვდიან, საკვებს კი მისი ნდობით აღჭურვილი პირები.
"მედიკამენტებს ბუნებრივია, სამედიცინო პერსონალი აწვდის და ამის შესახებაც არაერთი ცილისმწამებლური კამპანია ვნახეთ, რაც შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც ექიმის მუშაობაში უკანონო ჩარევა. შესაბამისად, თუკი ვინმე ბედავს და ექიმზე მსგავსი ტიპის განცხადებას გააკეთებს, რომ ექიმმა შესაძლოა, ვინმე მოწამლოს, ეს სრულიად ამორალურია.
რაც შეეხება საკვებს - მსჯავრდებულ სააკაშვილს მხოლოდ ის საკვები მიეწოდება, რომელსაც მას მისი ნდობით აღჭურვილი პირები აწვდიან, ეს არიან ოჯახის წევრები და ასევე, სხვა პირები, რომლებზეც მან თანხმობა განაცხადა. შესაბამისად, როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს ან საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი უნდა ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, თუ ვისზე საუბრობს საერთოდ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.