მართვის მოწმობის ასაღებად, გამომცდელს მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება ვიზუალური ჩვენებით მოუწევს

29 ნოემბერი 2022, 12:17 5701 ნახვა

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება.

შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით (N598) არის გათვალისწინებული და ის 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.

სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატისათვის შერჩევითად შეიძლება მიცემულ იქნეს შემდეგი დავალებები.

B კატეგორიის ავტომობილზე:

  • განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებული უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის);
  • განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: სამუხრუჭო სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის);
  • განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა (პასუხი: ძრავის ჩართვამდე მუხრუჭის სატერფულზე რამდენჯერმე დაწოლის შემდეგ, სატერფულზე მუდმივ რეჟიმში ერთ დონეზე ზემოქმედებისას (სატერფულზე დაჭერილი ფეხის გაჩერებით) უნდა ჩაირთოს ძრავა. ძრავის ჩართვამ უნდა გამოიწვიოს სატერფულის გარკვეულ დონემდე (არა ბოლომდე) თავისუფლად დაშვება, რის შემდეგ, სატერფულზე არ უნდა შეიგრძნობოდეს ზედმეტი სირბილე. ამასთან, მოძრაობის პირობებში დამუხრუჭებისას სატრანსპორტო საშუალებას არ უნდა „ქაჩავდეს“ გვერდზე);
  • განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა (პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს);
  • განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ (პასუხი: ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში ან სატრანსპორტო საშუალების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამაგრებულ სათანადო ფირნიშზე);
  • და ა.შ

BE კატეგორიის საგამოცდო ავტომობილზე:

  •  განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში (პასუხი: საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, პროტექტორის ნახატის სიმაღლე (მათ შორის, მისაბმელის საბურავის) არ უნდა იყოს 1,6 მმ-ზე ნაკლები);
  • განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს საბურავების საერთო მდგომარეობის უსაფრთხოებაში (პასუხი: საბურავების საერთო მდგომარეობის შესამოწმებლად საბურავები  უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები);
  • განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა (პასუხი: გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის);
  • განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა (პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს);

"B“ და "BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში