პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტზე ბრალდებულებმა უმკაცრესად აგონ პასუხი - ალექსანდრე დარახველიძე

28 ნოემბერი 2022, 13:52 634 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიცია გააკეთებს ყველაფერს, რათა ამ პირებმა კანონის წინაშე უმკაცრესად აგონ პასუხი.

მისივე თქმით, ძალიან მძიმე დანაშაული მოხდა, რომელმაც საზოგადოების თითოეული წევრის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

"პოლიციამ უსწრაფესად, დანაშაულის ჩადენიდან დაახლოებით ორ საათში დამნაშავე პირები გამოავლინა და დააკავა. მათ ემუქრებათ ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც კი „სისხლის სამართლის კოდექსით“ არის განსაზღვრული, ეს არის 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. რა თქმა უნდა, პოლიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ პირებმა კანონის წინაშე უმკაცრესად აგონ პასუხი.

ზოგადად, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის პირობებისა და გარემოების შესწავლა შესაბამისი კრიმინოგენური კვლევების საფუძველზე ხდება. ვიდრე ასეთი კვლევები არ იქნება, რომელიც მოგვცემს ზუსტ და მეცნიერულ დასკვნას, თუ რა იწვევს კონკრეტულ დანაშაულს, მანამდე გამიჭირდება, გამომწვევი მიზეზები შევაფასო“, - განაცხადა დარახველიძემ.

მისივე თქმით, სამართალდამცავი უწყებები მოძალადეების მიმართ უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებენ.

"2017-2018 წლების შემდეგ მნიშვნელოვნად გადაიხედა კანონმდებლობა და ყოველწლიურად 10 000-მდე ორდერი გამოიცემა, 5 000-მდე საქმეზე იწყება გამოძიება. ​პენიტენციურ სისტემაში პატიმრების რაოდენობას თუ გადავხედავთ, ძალიან დიდი ნაწილი მოდის სწორედ ამ დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებზე. ჩვენ ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებულმა მიდგომებმა ბოლომდე შედეგი ვერ გამოიღო. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი გადარჩა და სწორი სისხლის სამართლის პოლიტიკა გადარჩა, თუმცა ახლა არის დრო, როცა უნდა ვიმუშაოთ სხვა საკითხებზე – ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. ის, რომ ძალადობა არის სირცხვილი, ეს უნდა გაითავისოს საზოგადოების თითოეულმა წევრმა და ნებსით თუ უნებლიედ, საზოგადოება მოძალადეებს დუმილით მხარს არ უნდა უჭერდეს.

გასულ კვირას, ჩვენ ამისთვის კამპანიაც დავიწყეთ, ვხვდებით და ვესაუბრებით ყველას, რომ ერთობლივად დავგეგმოთ – რა უნდა გაკეთდეს, რა არის საზოგადოების, მედიის როლი, რათა სწორად გაშუქდეს ესა თუ ის ფაქტი, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მსხვერპლებს და მათ დაცვაზე ვიყოთ ორიენტირებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოძალადეების ქცევის კორექციის პროგრამების არსებობა, რომ მხოლოდ დასჯაზე არ იყოს ორიეტირებული“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი