ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო ეწვია

25 ნოემბერი 2022, 20:16 697 ნახვა

უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 28 ოქტომბერს, ბუდაპეშტში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტის დროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო და სიცოცხლის მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე, რომლის ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები.

ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიები გააცნო და ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,უნგრეთი და ევროინტეგრაცია“. ისაუბრა იმ გამოცდილებაზე, რომელიც უნგრეთმა გაიარა ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

სტუდენტებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები. რომლებმაც სტუდენტებს წარუდგინეს პრეზენტაცია უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამების, საკონკურსო ვადებისა და პროცედურების შესახებ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი