კითხვა, თუ სად მიდის ეს დახმარება, უნდა დავუსვათ საქართველოს მოსახლეობას, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების მტკიცებაზე, თითქოს აშშ-დან მიღებული დახმარება ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიდის.
ამერიკის ელჩმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვზრუნავთ ქართველ ხალხზე და ჩვენი სურვილია, რომ ამ მრავალფეროვანი დახმარებით მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, საქართველოს თითოეულ კუთხეს.
კელი დეგნანის პასუხამდე იყო ხალხის ძალის მიერ გავრცელებული განცხადება. ქართული ოცნებიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილ დეპუტატთა პარტია თვლის, რომ „ენჯეოების“ დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რაზეც კანონპროექტს მოამზადებენ. „ხალხის ძალას“ მიაჩნია, რომ „უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის“.
"ხალხის ძალა" ამბობს, რომ აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს ხმარდება. მათი აზრით, ეს ნიშნავს, რომ "ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება".
განცხადების ავტორები წერენ, რომ კანდიდატის სტატუსის თემა საქართველოსთვის მოიგონეს, რათა უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსი მიენიჭებინათ, საქართველოსთვის კი არა, რაც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისა და აგენტოკრატიის დამყარების მთავარ ინსტრუმენტად იყო მოაზრებული.