ოთხნახევარ მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს წელს ხელვაჩაურის მერია ფერდსამაგრ სამუშაოებზე. გაბიონებისა და ბეტონის კედლის მოწყობა ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს.
მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები მოსახლეობა მუნიციპალიტეტისგან დახმარებას წლები ელოდებოდა. მათი ნაწილი იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა და საცხოვრებლად მერიის მიერ შეთავაზებული ქირით, სხვაგან გადასულიყო.
იმ ოჯახებისთვის კი, რომელთა საკარმიდამო ნაკვეთიც მეწყრული პროცესების გამო საცხოვრებლად უვარგისია, მუნიცპალიტეტი სოციალური სახლების მშენებლობას გეგმავს. მერის ინფორმაციით, ასეთი ორი მრავალბინიანი სახლი აშენდება სოფელ კაპრეშუმსა და ერგეში.
გარდა ამისა მერია განაგრძობს ფერდსამაგრ სამუშაოებს და 2023 წლის ბიუჯეტში ისევე როგორც წელს, 4 მილიონ ლარზე მეტს გაითვალისწინებს.
თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ფერდსამაგრი სამუშაოები ხელვაჩაურში 138 ადგილას უკვე დასრულდა.
პროცესი მიმდინარეობს 6 მისამართზე, წლის ბოლომდე გაბიონის მოწყობა დაგეგმილია კიდევ 7 ლოკაციაზე.