საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2012 წლამდე საქართველო ცხოვრობდა ავტოკრატიულ რეჟიმში, სადაც არ იყო მედიის და სასამართლოს თავისუფლება. ამასთან, 2012 წლის შემდეგ მმართველმა ძალამ ყველა ხელშესახები ნაბიჯი გადადგა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
" ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ივნისის თვეში, როცა საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, ეს არის ჩვენთვის დიდი მოტივაცია, ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც ჩვენი მმართველი ძალისთვის, ხალხისთვის. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული და სწორედ ამ სულისკვეთებით ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. იცით, რომ საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების არჩევანი და ოცნება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. ამ გზაზე ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ 2012 წლის შემდეგ, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება, იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანეთ ეს არ იყო შემთხვევით. ამას წინ უძღვოდა ბევრი შრომა.
ასევე, 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც მედია, არც თავისუფალი სასამართლო. სამი წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი – ასოცირების მოლაპარაკებები, უვიზო რეჟიმი ჩვენს დროს დაიწყო. ძალიან მოკლე დროში ჩვენ დავდეთ ხელშესახები შედეგები, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში“, - განაცხადა პრემიერმა.
პრესკონფერენციაზე პრემიერმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში ყველა მხარის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
"მას შემდეგ, რაც ჩვენ 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი ამ 12-ვე პრიორიტეტს და იქვე ჩვენ გავუხსენით კარი ყველა აქტორს - ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება. კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველა აქტორს, რომ აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში, სხვა მხრივ ჩვენ გვექნება სერიოზული საუბარი ჩვენს საერთო პრიორიტეტებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სტარტეგიული გეოგრაფიული მდებარეობის უკეთ გამოყენებას. ჩვენი ქვეყანა მრავალი წელია ადასტურებს, რომ ვართ ევროპის ერთგული პარტნიორი და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავქვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ, მაგალითად, როგორიც არის „შავი ზღვის კაბელი“ და სხვ.“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა ხელისუფლება გონივრული პოლიტიკით და ამავდროულად, პრინციპულობით ახერხებს შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა.
"ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, მთელი ინდუსტრია და ბიზნეს სექტორი არის გააქტიურებული. ამიტომ ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას. ეს არის ის ერთადერთი გამონაკლისი მას შემდეგ რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. ეს ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი გონივრული პოლიტიკით და ამავდროულად ჩვენი პრინციპულობით, მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი ხალხის ინტერესებში და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში, რომ გვქონდეს მაქსიმალური მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარების მომტანი პერიოდი. ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში, ჩვენ ამის გვჯერა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ“, - განაცხადა პრემიერმა.
გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი დღეიდან დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ოლივერ ვარჰეი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.