ნავთობპროდუქტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომლის ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორია გამოიყენება - ფინანსთა მინისტრი

14 ნოემბერი 2022, 16:19 962 ნახვა

ნავთობპროდუქტები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომლის ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორია გამოიყენება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით,  არის ძალიან ბევრი პროდუქტი, რომლის ტრანზიტიც ხორციელდება შუა აზიიდან საქართველოს გავლით.

მისივე თქმით, თითოეული ტვირთი, რომელიც საქართველოზე გადის, ეს ქვეყნისთვის მეტ შემოსავალს ნიშნავს.

„რაც შეეხება მონაცემებს, რომლითაც ტრანზიტის მიმართულებით ქვეყანაში ხდება დატვირთვა, ნავთობპროდუქტები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომლის ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორია გამოიყენება. გარდა ამისა, არის ძალიან ბევრი პროდუქტი, რომლის ტრანზიტიც ხორციელდება შუა აზიიდან საქართველოს გავლით. ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს საკმაოდ დიდი ზრდა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზეც, რომ გარკვეულწილად შესაძლებელია არა ძალიან დიდი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ის, რომ კერძოდ, ჩრდილო დერეფნის გადმოტანა ხდება შუა დერეფანში, იმ დერეფანზე, სადაც საქართველო იმყოფება. ტვირთები, რომლებიც შუა აზიიდან ევროპის მიმართულებით მოძრაობენ და გაივლიან საქართველოს, ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მისი სატრანზიტო ფუნქციისთვის, ეკონომიკისთვის და ეს დამატებითი შემოსავლის მომტანია როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. ამ მიმართულებით ქვეყანა ძალიან ბევრ ინვესტიციას ახორციელებს, რათა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია გაიზარდოს.

იცით, რომ დაახლოებით 2024 წლისთვის ვგეგმავთ აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულებას. პრაქტიკულად, ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები გზებთან მიმართებით, 2025 წლისთვის უნდა იყოს სრულად დასრულებული. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია იმის, რომ ქვეყანას გაეზარდოს სატრანზიტო ფუნქცია. ყველა პროექტი, საბოლოო ჯამში, აძლევს ქვეყანას უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ განახორციელოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით უფრო მეტი ტრანზიტი და მეტი შემოსავალი დარჩეს ქვეყანას. თითოეული ტვირთი, რომელიც საქართველოზე გადის, ეს ნიშნავს ქვეყნისთვის მეტ შემოსავალს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი