ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა 11 მილიონი ლარის ფარგლებში დაფინანსდება  

09 ნოემბერი 2022, 16:30 485 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედდება ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის პროგრამა, რაც პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თავიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება.

მათივე განმარტებით, პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის ერთი თვის ბიუჯეტი 919 250 ლარს შეადგენს. პროგრამების წლიური ბიუჯეტი კი 11 მილიონი ლარია.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მკურნალობას დააფინანსებენ იმ კლინიკებში, სადაც პაციენტები რეაბილიტაციას ჩაიტარებენ.

"ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ინსულტის და ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდება. ინსულტის და ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას წლის განმავლობაში დაახლოებით 11 მილიონი ლარის ფარგლებში დავაფინანსებთ. წლის განმავლობაში ასეთი დაახლოებით 6 000 შემთხვევა გვაქვს. ჩვენ მკურნალობას დავაფინანსებთ იმ კლინიკებში, სადაც პაციენტები რეაბილიტაციას ჩაიტარებენ.

ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პრევენციაზე. ინსულტის შემთხვევაზე მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს რეაგირებას სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ჩვენების მიხედვით მიიყვანს კონკრეტულ კლინიკაში, სადაც პაციენტებს ოპერატიულად დაეხმარებიან. ასევე გავაკეთებთ გართულებების პრევენციას შემდეგი რასაც შესაძლოა, რეაბილიტაცია დასჭირდეს ან საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მივიდეთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში