სააკაშვილს აქვს ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული - რატი ბრეგაძე 

08 ნოემბერი 2022, 16:06 620 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილს ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული.

"ჯერჯერობით ცენტრ "ემპათიის" დასკვნა არავის უნახავს, ეს დასკვნა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ, რაც იარსებებს ეს დასკვნა, მხარეებს შეუძლიათ, რომ მიმართონ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად, არის თუ არა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამებოდეს სასჯელის მოხდის მიზნებს, შემდგომში ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ და არა იუსტიციის მინისტრმა ან იუსტიციის სამინისტრომ. ამ ადამიანს აქვს ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული და მისი ეს შესაბამისი უფლებაც იყოს უზრუნველყოფილი. ის იმყოფება შესაბამის კლინიკაში," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, პატიმრის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და ყველამ, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში არსებულ კონსტიტუციურ წესრიგს პატივი უნდა სცეს.

მინისტრის განმარტებით, მალგოჟატა გოშევსკა უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას საქართველოს კანონმდებლობით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ ჰქონდა და შესაბამისად, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

„ქალბატონი გოშევსკა არის პოლიტიკოსი, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მას საქართველოს კანონმდებლობით არ აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება და შესაბამისად, იგი ვერ შევიდოდა.

 

როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის პრობლემა არც ერთ ადამიანს არ ჰქონია, ვისაც ეკუთვნოდა. მას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 1 500-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა და შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ვინმეს რაიმე სახის პრობლემა ექნება, ეს აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია...

 

უნდა შესულიყო რას ნიშნავს? მერე რა, რომ ჩამოვიდა? 20-ჯერ რომ ყოფილიყო ჩამოსული, თქვენ სვამთ შემდეგნაირად კითხვას „უნდა შესულიყო“, ახლა თქვენ მითხარით, მას ჰქონდა ამის უფლება და ვინმემ დაარღვია? ვინც არ უნდა იყოს რა მნიშვნელობა აქვს ამას? არ ჰქონდა ამის უფლება და შესაბამისად, მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა"- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესს შეიძლება ყოველთვის ჰყავდეს მოწინააღმდეგეები, მაგრამ ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება დაძლეული.

„მე ამ შემთხვევაში არ დამისახლებია რომელიმე კონკრეტული ევროპარლამენტარი. მე გითხარით, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესს შეიძლება ყოველთვის ჰყავდეს მოწინააღმდეგეები, მაგრამ ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა აუცილებლად დაძლეული იქნება იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ევროპული არჩევანი გააკეთა და ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია, ამ არჩევანს პატივი სცეს და ჩვენ ჩვენი მხრივ მაქსიმუმს ვაკეთებთ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება სრული მასშტაბით იყოს უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს და რეალურად შეუძლებელია, რომ ვინმეს საქართველოში ეწოდოს პოლიტპატიმარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი