ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური - ზეგავლენებისგან თავისუფალი - ეს ბრიუსელის მე-12 რეკომენდაციაა. როგორ შესრულდება დავალება უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ახალი ომბუდსმენის არჩევის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანდიდატთა მოსმენები დაასრულა. ახლა რიგი სარეკომენდაციო დასკვნებზეა, რომელიც კომიტეტმა ყველა კანდიდატთან დაკავშირებით უნდა მოამზადოს.
კანდიდატების სიმრავლის გარდა არჩევანის გაკეთებას ომბუდსმენის ასარჩევად საჭირო მაღალი ქვორუმიც ართულებს. მინიმუმ 90 ხმა მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობით მიიღება.
მმართველ გუნდში პერსონალურად ჯერ ვერავისზე საუბრობენ, თუმცა 17 კანდიდატიდან შესაძლო ომბუდსმენს ხედავენ. საერთო პოზიციაზე შეთანხმებისთვის, პოლიტიკური კონსულტაციები უნდა გაიმართოს.
ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციებში მონაწილეობას არ გეგმავს და საკუთარი 3 კანდიდატი ჰყავს, რომლებსაც მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ ექნება.