უხვი ნალექი შესაძლოა სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესის გააქტიურების მიზეზი გახდეს. ხულოში დილიდან თოვს. ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარმა 15 სანტიმეტრს მიაღწია. თოვს შუახევშიც. გამგებლის ინფორმაციით, უამინდობას მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია, მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდება ელექტროენერგია. უხვი ნალექის გამო კურორტ გოდერძის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია -2 +3 გრადუსი, მთიან რაიონებში -3 -8, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -9 -14 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი მოსალოდნელია ყინვა -9 გრადუსამდე. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში -15, ზოგან კი -20-დან -22 გრადუსამდე.