უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეგიონები რუსეთს აქვს ოკუპირებული, ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პატივცემულო კოლეგებო და ძვირფასო მეგობრებო, თანამედროვეობის ყველაზე რთული და უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, მოხარული ვარ, მოგმართოთ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე უკრაინის მეგობრებსა და პარტნიორებს.
24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა. დასავლეთში ბევრისთვის ეს შეიძლება, მოულოდნელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლდოველებს და უკრაინელებს ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი. ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ისე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ჩვენ ვიხილეთ, რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს. ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან; ხოცვა-ჟლეტას და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები თვეებისა და წლების მანძილზე როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას.
რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას.
2008 წელსა და 1990-იან წლებში მიღებულმა გამოცდილებმა სამი რამ გვასწავლა:
პირველი – აუცილებელია აგრესიის ყველა დანაშაულის დოკუმენტირება, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს მართლმსაჯულების აღსრულებისა და სხვა მსგავსი აგრესიის მცდელობის ჩანასახშივე მოსასპობად (რომის სტატუტთან მიერთება-არმიერთების მიუხედავად). საქართველო არის უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამოძიების მიზნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენილი განცხადების თანაავტორი. იურიდიული ბრძოლების მოგება მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში.
მეორე – საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნება აუცილებელია როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მიერ დარღვეული სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენამდე. სხვა შემთხვევაში, რუსეთი არ შეწყვეტს სამხედრო თავგადასავლებს მეზობელ ქვეყნებსა და მის მიღმა. ჩვენ უკრაინის მიმართ სოლიდარობა ყველა ძირითად საერთაშორისო ორგანიზაციაში გავახმოვანეთ და ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც. ამავე დროს, საქართველო არ დაუშვებს, რომ საკუთარი ტერიტორია და ფინანსური სისტემა გამოყენებულ იქნას 24 თებერვლის შემდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების, ძირის გამოთხრის ან თავიდან არიდების მიზნით.
და მესამე – საერთაშორისო თანამეგობრობამ დაჟინებით უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა. ძალის გამოყენებით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევა მიუღებელია და მხოლოდ აზიანებს საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ წარსულში მსგავსი აგრესიის უგულვებელყოფამ საერთაშორისო სისტემაში ახალი ბზარები გააჩინა, რაც უკვე გაცილებით რთული გასამკლავებელი აღმოჩნდა.
უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციური საფრთხის წინაშე, რამეთუ ჩვენი ისტორიული რეგიონები დიდი ხანია, რუსეთს აქვს ოკუპირებული. ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის და მათი სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას.
უკრაინას ვუსურვებ გამძლეობას და გამარჯვებას ამ ისტორიულ ბრძოლაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს მოსახლეობა და ხელისუფლება ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება. დიდება უკრაინას!“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.