ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - ენმ კორუფციაზე საუბრობს

21 ოქტომბერი 2022, 14:40 800 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ბათუმის მერს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. უმაღლესი საბჭოს წევრის  ლევან ანთაძის თქმით, პროექტი  „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე„  რეალურად არა ავარიული სახლების ახლით ჩანაცვლება, არამედ დეველოპერებთან ხელისუფლების  კორუფციული გარიგებაა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ამაზე სპეციალურად შექმნილი კომისიის შემადგენლობაც მიუთითებს, რომლის წევრებიც როგორც ამბობს, მხოლოდ საჯარო პირები არიან. ლევან ანთაძე ქალაქის მერიას მოუწოდებს კომისიის შემადგენლობაში  სპეციალისტებიც ჩართონ და პროცესი უფრო გამჭვირვალე  გახადონ. 

კორუფციული გარიგების ეჭვს ოპოზიციას გარდა კომერციული ინტერესისა, ავარიული სახლების ნუსხაში აღმოჩენილი რუსთაველის ქუჩის 10 ნომერში მდებარე  5 სართულიანი კორპუსიც უჩენს, რომელსაც მერიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა. გარდა ამისა  შენობას ერთი სართულიც დააშენეს, რაზეც  ნაციონალური მოძრაობის წევრები განმარტებებს ითხოვენ. ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას.

ბათუმის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ, მოგვაწოდეს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ავარიული სახლების პროექტს შეეხება და არა ბრალდებებს. ციტატა: „ბათუმში 3 000-ზე მეტი ოჯახი ავარიულ პირობებში ცხოვრობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყველა ოჯახი ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო საცხოვრისით.

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 80 მლნ ლარს და ავარიული სახლების ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება.“ - წერია განცხადებაში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი