სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილა

11 ოქტომბერი 2022, 21:18 1216 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაე ჩუკას შეხვდა და საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოსა და რუმინეთს ძალიან ინტენსიური, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვთ. დოკუმენტი, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი პრეზიდენტების მიერ -  სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, მოიცავს პრაქტიკულად ყველა მიმართულებას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას აკავშირებს და იმ თემებს, რომელიც საქართველოსთვის და საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ეს არის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია, რუმინეთის მხარდაჭერა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური  მიმართულებებში.

,,პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სწორედ ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებს. რუმინეთი კვლავ და კვლავ რჩება  საქართველოს აქტიურ მხარდამჭერად როგორც ევროკავშირში შიგნით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში. 

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ რუმინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყოველთვის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, აფიქსირებს საქართველოს მხარდამჭერ პოზიციებს და არის ერთგული იმ პოზიციისა, რომელიც მან განსაზღვრა საქართველოსთან მიმართებაში, რადგან რუმინეთი თვლის, რომ საქართველო მისი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვმდებარეობთ ერთ რეგიონში, შავი ზღვის რეგიონში და სწორედ შავი ზღვაა ის გეოგრაფიული არეალი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ევროპასთან, ევროკავშირთან და არის ჩვენი ბუნებრივი საზღვარი ევროკავშირთან. 

გამომდინარე აქედან, რუმინეთის მთავრობასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ასევე მხარდაჭერილია ევროკავშირში და ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივების მიერ. ეს არის სწორედ დაკავშირებადობა  და ენერგეტიკული პროექტები ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს პროექტები განხორციელდება და ჩვენი მოსახლეობა კონკრეტულად იგრძნობს იმ ბენეფიტებს, რომლებიც ექნება სწორედ ამ პროექტებს და იქნება  მათი შედეგი. 

როგორც აღვნიშნე,  რუმინეთი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი სუვერენიტეტის  ძალიან აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ფარგლებში და რუმინეთი ყოველთვის აფიქსირებს იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია“- განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში