სუს-მა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები პასუხისგებაში მისცა

07 ოქტომბერი 2022, 19:07 1125 ნახვა

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები – გ. კ, დ. წ. და ზ. ი.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ მიუხედავად სამსახურის დებულებით განსაზღვრული პერსონალური ვალდებულებისა, მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეები არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და არაეფექტურ კონტროლს უწევდნენ ორგანიზაციების სახელით განხორციელებულ ფინანსურ გადარიცხვებს, რითაც ისარგებლა ბუღალტერმა ლ. წ-მა, რომელმაც 2020 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და საკუთარი საჭიროებებისათვის გამოიყენა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა – 370 479 ლარი.

როგორც ცნობილია, ჩადენილი დანაშაულისათვის ბუღალტერი ლ. წ. დაკავებულია და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი