პროკურატურამ "ორი ნაბიჯის" თანამშრომლებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულს ბრალი წარუდგინა

06 ოქტომბერი 2022, 17:51 581 ნახვა

პროკურატურამ ხულიგნობის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების განმარტებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ  სუპერმარკეტ "ორ ნაბიჯში“ ხულიგნობა ჩაიდინა, რა დროსაც ემუქრებოდა მაღაზიაში მყოფებს, აყენებდა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

"საქართველოს პროკურატურამ, სუპერმარკეტ "ორ ნაბიჯში“ მომხდარი ხულიგნობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ოქტომბერს,  ქ. თბილისში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ  სუპერმარკეტ "ორ ნაბიჯში“ ხულიგნობა ჩაიდინა, რა დროსაც ემუქრებოდა მაღაზიაში მყოფებს, აყენებდა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.  ბრალდებულის მიერ მიყენებული  ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა  ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით) და 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სუპერმარკეტ "ორი ნაბიჯის“ ფილიალში შესული, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოდი პირი, თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში