ეროვნული ბანკი საგარეო ვალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

30 სექტემბერი 2022, 15:58 943 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.

ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 22.3 მლრდ აშშ დოლარი (65.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 104.8 პროცენტია. 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 268.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 662.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო, ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად – 290.2 მლნ. აშშ დოლარით, 73.2 მლნ. აშშ დოლარით და 30.1 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.2 მლრდ აშშ დოლარი (29.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 47.8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 899.0 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.2 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 424.3 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი) და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.9 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.6 მლრდ აშშ დოლარი (16.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.1 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (14.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.0 მლრდ აშშ დოლარი (38.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 61.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.2 მლრდ აშშ დოლარია (18.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 29.2 პროცენტია.

2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 43.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 6.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 37.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 899.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 459.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, ვიდრე საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი