უხვმა ნალექმა, ქობულეთში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის გამო, რუსთაველის მე-2 ჩიხში მცხოვრებ მოსახლეობას საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაეტბორა. ასევე დაიტბორა ცენტრალური ბაზრის უკანა მხარეს არსებული ქუჩა.
ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, ყოველი ძლიერი წვიმის დროს მდინარე აჭყვა დიდდება და კალაპოტიდან გადმოდის, რაც მთლიან დასახლებას ტბორავს. მათივე თქმით, მდინარის არხი გასაწმენდია. ისინი ითხოვენ შესაბამისი სამსახურები ჩაერთონ და ამოტუმბვითი სამუშაოები ჩაატარონ.
ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, დათო ბოლქვაძის განცხადებით, დილიდან ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო კომისია შეიქმნა, სადაც 20-მდე შეტყობინება შევიდა. ძირითადად: დატბორვები, მეწყერი და სახურავის გადახდის შემთხვევებზეა შეტყობინებები შესული.
მისივე განმარტებით, პრობლემები შეიქმნა: ხალაში, ჩაქვში, ციხისძირში და საჩინოს სოფლებში. რაც შეეხება დატბორვის ფაქტს, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ დატბორვა უხვ ნალექს უკავშირდება და მდინარე აჭყვას კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მაგრამ რეაბილიტაციასთან ერთად გაწმენდითი სამუშაოებიც მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე გასულია მერიის შესაბამისი ჯგუფები და სწავლობენ საკითხს.