სასამართლომ გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

22 სექტემბერი 2022, 20:30 986 ნახვა

ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

პროკურატურა ნარსიას ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

თავად ბრალდებული  ტერორიზმის მუხლს არ იზიარებს. გრიგოლ ნარსიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ტერორისტი არ არის.

ანალოგიური პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ბანკში შეჭრა შვილის ავადმყოფობით და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით იყო გამოწვეული.

როგორც დაცვის მხარემ პროცესზე განმარტა, გრიგოლ ნარსიას 14 წლის შვილი ჰყავს, რომელიც გულის მანკით არის დაავადებული და მკურნალობას საჭიროებს. ისინი ნარსიას გათავისუფლებას 100 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე ითხოვდნენ. გირაოს უზრუნველყოფად კი სასამართლოს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი შესთავაზეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და გრიგოლ ნარსიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში