ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ დაბრკოლება შეუქმნან 12 პუნქტის შესრულებას - ირაკლი კობახიძე

09 სექტემბერი 2022, 17:06 711 ნახვა

ოპოზიციას ცოცხალი თავით არ უნდა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაბრკოლება შეუქმნან 12 პუნქტის შესრულებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, უმრავლესობის მიერ შეთავაზებული ახალი წესის მხარდაჭერაზე უარის თქმა ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებისთვის და ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ნიშნავს.

"დღეს მივიღეთ სამი მოსმენით ცვლილებები რეგლამენტში, რომელიც ეხება ომბუდსმენის არჩევის წესს,  რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და ასევე ცალკეულმა უფრაქციო დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ამ ცვლილებებს. საქმე ეხება იმას, რომ დღეს ნებისმიერ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს, შეუძლია, წარადგინოს კანდიდატი, აქ უკვე ერთვება დამატებითი ელემენტები შერჩევის პროცედურაში, ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ კანდიდატებს კონკრეტული ქულებით და ამის შემდეგ, ჩვენ მიერ შეთავაზებული წესის მიხედვით, მხოლოდ ოპოზიციური ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები ასახელებენ კანდიდატს. ამაზე მეტი გამჭვირვალობა ბუნებრივია, ვერ იქნებოდა ჩვენი მხრიდან შეთავაზებული. საერთოდ უარს ვამბობთ შერჩევის პროცედურებში მონაწილეობაზე, მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას მივანდობთ კანდიდატების შერჩევას და მხოლოდ ამის შემდეგ ვერთვებით საქმეში. როცა აქაც ცდილობ, საბაბი მოძებნო, რათა გაემიჯნო და მხარი არ დაუჭირო შესაბამის წესს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის თვითმიზანია 12 პუნქტის შესრულებისთვის ხელის შეშლა და ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლა.

პირველი მოსმენის დროს მეტმა მისცა ოპოზიციიდან ხმა ამ ცვლილებებს, შემდეგ ვიღაც ჩაერია ამ ყველაფერში, რომ ოპოზიციურ პარტიებს გადაეთქვათ თავიანთი გადაწყვეტილება, ომბუდსმენი ჩართო ვიღაცამ საქმეში. ომბუდსმენის მიერ გახმოვანებული პოზიციის შემდეგ, მათ უკვე უარი თქვეს მხარდაჭერაზე. მარტივი თამაში იყო დალაგებული, ამას ბავშვიც მიხვდება.

მიზანი არის, რომ მაქსიმალურად შეექმნას შეფერხება 12 პუნქტის შესრულებას და მაქსიმალურად შეექმნეს შეფერხება იმ პროცესს, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, მათ ეშინიათ ამ ყველაფრის ოპოზიციას ცოცხალი თავით არ უნდა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაბრკოლება შეუქმნან 12 პუნქტის შესრულებას“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი