სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ. დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სადახლოს" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1998 წელს დაბადებული ა.ხ. და 1996 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს. მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედებათ.
დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ".
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.