პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.
"იმდენად ბანალური გახდა რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და იმდენად წინასწარ განჭვრეტადია, რომ რთულია ამაზე კომენტარი. ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება, 12 რეკომენდაციაში პირველი გაწერა დეპოლარიზაცია, მეორე დღეს კი ჩატარდა აქცია, რომელმაც ულტიმატუმი წამოუყენა პარლამენტს.
იმის ნაცვლად, რომ დეპოლარიზაციისკენ გადაედგათ ნაბიჯი, პირიქით, პოლარიზაციის გაღრმავებისა და რადიკალიზმისკენ გადადგეს ნაბიჯი. ესეც იგივე განცხადებაა. ამ განცხადებაში რომელი წინადადება, აბზაცი, ან სიტყვა გულისხმობს დეპოლარიზაციას? ეს არის რადიკალიზაციისკენ მიმართული ქმედება.
როდესაც პოლარიზაციის საკითხზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში ჩვენ საქართველოში გვაქვს არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, რაც იწვევს ამ პოლარიზაციას. მთავარი პრობლემაა არა პოლარიზაცია, არამედ ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაცია, ის რადიკალური დღის წესრიგი, რომელსაც მიჰყვებიან. ეს გულისხმობს ერთ რამეს, ხელისუფლების არაღიარებას. ეს არის მთავარი გამოწვევა.
არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. სერიოზულიც არ არის ამ თემებზე კომენტარის გაკეთება. არჩევნები ახალი ჩატარებული იყო, როდესაც ვადამდელს ითხოვდნენ. ამის შემდეგ სეზონის მიხედვით ეს მოთხოვნები კვლავ ისმის. სამწუხაროდ, ოპოზიციის ეს ნაწილი საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს, არანაირი მხარდაჭერა მათ და ამ მოთხოვნას საზოგადოებისგან არ აქვს. ისინი ამით იმას აღწევენ, რომ კიდევ უფრო მეტად მარგინალიზირდებიან “, - აღნიშნავს პაპუაშვილი.