2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 32 100 აბიტურიენტმა მოიპოვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 77% გახდა სტუდენტი.
"2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი – 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 1 390-მდე გამოსაცდელი; დაფინანსდა 200-ზე მეტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია უახლოეს დღეებში დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულების გასაფორმებლად.
აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, გასული წლის მსგავსად, ლიდერობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მიმართულებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიმართულება“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.