ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები, ასევე გათანაბრებული და სკალირებული ქულები გამოქვეყნდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების ნახვა უკვე შეუძლიათ.
სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წელს 116 ათას 900-ზე მეტი ნაშრომიდან 4 ათას 881 გასაჩივრდა.
წელს ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ისტორიის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შედეგი. შეფასება შეიცვალა სულ 1 ათას 546 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1,32 %-ია.
რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, სად მოიპოვა აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელების უფლება და მიიღო თუ არა მან გრანტი, ეს ინფორმაცია შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი.