ბრალდებები, რომლებიც ბოლო დროს გაკეთდა აშშ-ისა და სხვების მიმართ, არის უგუნური, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც საფუძველი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მოძრაობა "ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ აშშ ეხმარება საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. არ ვიცი, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, ვის წარმოადგენს, არ ვიცი რამდენად განსხვავდებიან ისინი მმართველი პარტიიდან, რომელიც, მათი თქმით, დატოვეს. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება. ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შეერთებული შტატები მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთან. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკის განვითარებაში, იმის უზრუნველყოფაში, რომ ის უფრო დაცული და სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა იყოს. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას მომავალ წლებშიც. ვიტყვი, რომ ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერი ბრალდება, თითქოს აქ არსებულ პოლარიზაციაზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ, არის მცდელობა, მათგან ვინც იციან რომ პასუხისმგებლები თავად არიან, ეს დასავლელ პარტნიორებს გადააბრალონ, რომლებიც არაფერს აკეთებენ გარდა იმისა, რომ 30 წელზე მეტია ცდილობენ დაეხმარონ საქართველოს ევროპულ გზაზე. სულ ეს არის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანის თქმით, პარლამენტმა და სხვა ინსტიტუტებმა, საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმუშაოს.
"შემიძლია ვთქვა, ჩემი ორნახევარწლიანი აქ მუშაობის დროს, ყოველდღიურად ვცდილობ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები გავაერთიანო, რომ შევამციროთ ის ღრმა პოლარიზაცია, რაც აქ არსებობს. ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, გადახედონ ბოლო 3-4 წელს და დაფიქრდნენ, საიდან მოდის ეს პოლარიზაცია.
"გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები. აი, აქედან წამოვიდა ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც მხოლოდ ეხმარებიან საქართველოს ამ ღრმა პოლარიზაციის გადალახვაში. პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები უნდა ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, სამუშაო ადგილები, კარგი განათლება, მაღალი ფასები, უკეთესი ჯანდაცვა. აი, რაზე უნდა ფოკუსირდეს პარლამენტი და ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა გასცა, ყველა მოიცავს იმ დაპირებებს, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა მანამდეც თქვეს, რომ გააკეთებდნენ, ახლა არის სწორედ დრო, რომ გვერდით გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ერთად იმუშავოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა დეგნანმა.
მისივე განმარტებით, აშშ საქართველოსთან წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობს.
"ბოლო ათწლეულის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი კარგი რეფორმის ძალისხმევა. ყველამ იცის, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი, ეს არასდროს ყოფილა დებატების საგანი, ასე რომ, ცოტათი თავსატეხია, რატომ არის ახლა ამხელა წინააღმდეგობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც წლების განმავლობაში ყველა ამბობდა, რომ საჭირო იყო გაგრძელება, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი. ამ შემთხვევაში ჩემთვის დამაბნეველია, რატომ არსებობს შეკითხვები კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომლებიც წლებია, მიმდინარეობს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ სხვა სამართლის ექსპერტებთან, ქვეყნის შიგნით და გარეთ. სწორედ ეს კონსულტაციების პროცესი აისახება სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე", - აცხადებს კელი დეგნანი.
მოძრაობა "ხალხის ძალის“ წევრებმა, გუშინ გაავრცელეს განცხადება სადაც წერია, რომ აშშ-ის საელჩოს დოკუმენტი ამყარებს ჩვენს დასკვნას, რომ მისი ძალისხმევა მიმართულია ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ.