ნათია კაპანაძე ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

04 აგვისტო 2022, 14:54 805 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საქმის განხილვა 8 სექტემბრისთვის გადაიდო. მოსამართლე შოთა სირაძემ განმარტა, რომ სხდომისთვის გამოყოფილი იყო მხოლოდ 2 საათი, რაც არასაკმარისი დრო აღმოჩნდა მხარეების პოზიციების გასაცნობად. ამ ეტაპზე, სხდომაზე მხოლოდ პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა და გამოკვლევა მოხერხდა.

ნათია კაპანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მისი იმპიჩმენტით უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.  არხის ყოფილ დირექტორს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო დაუსაბუთებელი, მიკერძოებული და პოლიტიკური დაკვეთით ნაკარნახევი გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, გადაწყვეტილების მიღებისას ტელევიზიის ყოფილი მრჩევლების არგუმენტები გაიზიარა: სატელევიზიო რეიტინგის, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის, შრომის ანაზღაურების ცვლილების და თანხის არამიზნობრივი ხარჯვის ნაწილში. შესყიდვების მხრივ, რაც ბორდმა ჩაწერა იმპიჩმენტის ერთ-ერთ საფუძვლად, მოსამართლემ კანონიერ მოქმედებად შეაფასა. ჯამში მოსამართლემ ბორდის წევრების არგუმენტი 11 საკითხზე არ გაიზიარა. 

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს კი მიაჩნია, რომ კაპანაძის იმპიჩმენტისთვის საკმარისი არგუმენტი ჰქონდათ და ყოფილი დირექტორის მიერ შეფასებულ, პოლიტიკურად მართულ პროცესს აბსურდულს უწოდებს.

ნათია კაპანაძე სასამართლოში მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებით განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას ითხოვს. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კაპანაძის საქმის“ განხილვა სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ 2021 წელს დაიწყო. ნათია კაპანაძის ინტერესებს „საია“ იცავს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი