სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა - პრემიერი

29 ივლისი 2022, 14:53 1789 ნახვა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები და ბრალდებები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებულია, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არ ყოფილა და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები და ბრალდებები. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალში. ეს არის პასუხი იმ მრავალთვიან უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მომდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა კომენტარი გააკეთა საინვესტიციო კლიმატის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია,რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ 2021 წელს ზრდა აჩვენა. 

"კარგად მოგეხსენებათ, როგორი მძიმე ვითარებაა დღეს მსოფლიოში. მთელს მსოფლიოში, არათუ ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, პანდემიის დროს გლობალური ეკონომიკა შემცირდა, ქვეყნების ეკონომიკებმა განიცადეს უკუსვლა და 2020 წელს ჩვენც გვქონდა ასევე ძალიან დიდი ჩავარდნა ეკონომიკაში, მაგრამ გახსოვთ, რომ 2021 წელს ჩვენ მიერ გადადგმული საკმაოდ გაბედული და გონივრული ნაბიჯების შედეგად, ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა, უპრეცედენტოდ მაღალი ორნიშნა ზრდა მივიღეთ, 10,8% ზრდა მივიღეთ შარშან. წელს ასევე, პანდემია შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა, აღარაა ისეთი გამოწვევა, მაგრამ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც არის ომი უკრაინაში, არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, მთლიანად ევროპისთვის. მოსალოდნელია, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება და ევროპაში ელოდებიან რეცესიას. ძალიან რთული ვითარებაა ენერგეტიკის ფასთან დაკავშირებით, ინფლაცია არის დიდი გამოწვევა მთელს ევროპაში, მთელს მსოფლიოში, ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული ინფლაცია და არავითარი ხელშესახები ზრდა არ ფიქსირდება სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში