ნათელია, რომ "ტექნიკური მთავრობის" ჩავარდნილი პროექტის შემდეგ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახლა "ტექნიკური პარლამენტის“ პროექტზე გადაერთო - პაპუაშვილი

26 ივლისი 2022, 11:20 816 ნახვა

ნათელია, რომ ტექნიკური მთავრობის ჩავარდნილი პროექტის შემდეგ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახლა ტექნიკური პარლამენტის პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წეს-წყობილებასთან სახიფათო თამაში. ამასთან, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, პარლამენტში უკვე სამი კვირაა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე. საკითხებზე სამუშაოდ პარლამენტის ძირითად კომიტეტებად განისაზღვრნენ იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა, საპროცედურო და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტები, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლებიც უკვე შეუდგნენ მუშაობას.

„კომიტეტების და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს 8 საპარლამენტო ჯგუფიდან ხუთი - „ქართული ოცნება“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“, „მოქალაქეები“ და „საქართველოსთვის“. საპარლამენტო ფორმატში მუშაობაზე უარს აცხადებს სამი ჯგუფი - „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაცია. მათ, ერთი მხრივ, მოიწონეს პარლამენტის სამუშაო გეგმა 12 პუნქტთან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი, დაჟინებით მოუწოდა „ნაცმოძრაობას“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. ამის საპირისპიროდ ბოლო დღეებში ვხედავთ, რომ ამ პარტიებმა შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს. ნათელია, რომ ტექნიკური მთავრობის ჩავარდნილი პროექტის შემდეგ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახლა ტექნიკური პარლამენტის პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წეს-წყობილებასთან სახიფათო თამაში. ამასთან, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას. მოხარული ვარ, რომ მოვისმინე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის და საერთაშორისო აქტორის შეფასებები ამ სამპარტიული კოალიციის მიერ წამოწყებული პროცესის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი