მთიან აჭარაში ევროპული დონის ველობილიკი მოეწყობა

14 სექტემბერი 2020, 18:59 59 ნახვა

მთიან აჭარაში პროფესიონალი და მოყვარული ველოსიპედისტებისთვის ახალი ველობილიკი მოეწყობა - ინფორმაციას, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაკეთდება 6 კილომეტრიან ველომარუტი, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დააკავშირებს. საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. “Down Hill”– ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება.

სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება.

„ახალ ველომარშრუტზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტოპარკინგი, წყლის პუნქტები, საპირფარეშოები, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველო ბილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაცია იგეგმება. ველობილიკი ძირითადად ტყის ტერიტორიაზე გაივლის, რომელიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბილიკზევე მდებარეობს რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ძეგლი კავიანის ციხე. მარშრუტი ასევე, შეიძენს ეკო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დატვირთვას. შესაძლებელია მარშრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე განხორციელდეს სამეცნიერო-ტურისტული ექსპედიციები და ლაშქრობები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში