მეხუთე დღეა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს უფასო ტრანსპორტი არ ემსახურება - რას აპირებს ბათუმის მერი

21 იანვარი 2020, 13:12 286 ნახვა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი კვლავ არ შედგა. პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ერთი წლის განმავლობაში ქალაქ ბათუმის №13 და №17 საჯარო სკოლების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 14 მოსწავლე, სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე უნდა მიეყვანა.

პროგრამა 25 დეკემბრის შემდეგ შეჩერებულია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები კი უფასო ტრანსპორტირებით ვეღარ სარგებლობენ.

ბათუმის მერი ამბობს, რომ გარკვეული მოსაზრების გამო კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ლაშა კომახიძის განმარტებით, უახლოეს დღეებში მომსახურებაზე მოკლევადიანი შესყიდვა განხორციელდება, შემდეგ კი გამარტივებული ტენდერი გამოცხადდება.  

''ეს არის დელიკატური და ცოტა სპეციფიკური თემა, რომლის დეტალებში ჩასვლაზე მე უბრალოდ თავს შევიკავებ. ვიტყვი, რომ კომპანიებმა გარკვეული მოსაზრებების გამო თავად თქვეს უარი. აქ არაფერ შუაში არ არის, არც ტენდერის პირობები, არც ღირებულება. არის გარკვეული სხვა სპეციფიკა, რომელზეც ახლა ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ ასე. მე ვგულისხმობ მომსახურების გარეშე ამ კატეგორიის ადამიანებს და დაუყოვნებლივ გადაუდებელი ღონისძიებებით, ერთ-ორ დღეში უკვე ამ მომსახურებას მივაწვდით. 

სავარაუდოდ, მოკლევადიანი ერთთვიანი შესყიდვით პირდაპირ მივაწვდით მომსახურებას. ამ ვადაში გამარტივებულ ტენდერს გამოვაცხადებთ და იმედი მაქვს, რომ კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას'', - განაცხადა ბათუმის მერმა.

ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ მომსახურებას შპს "სანდო" ახორციელებდა. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ კომპანიის მმართველობაში ცვლილებებია და მან ტრანსპორტიც გაასხვისა, რის გამოც, სავარაუდოდ, ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო. კომპანია, რომელიც აღნიშნული მომსახურების გაწევაზე თანხმობას განაცხადებდა, ბათუმის მერია მზად იყო მისთვის 10 994 ლარი გადაეხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი