დანაშაულში ბრალდებული პოლიციელების და საჯარო მოხელეების საქმეებს ინსპექტორები განიცილავენ

01 ნოემბერი 2019, 14:41 353 ნახვა

2019 წლის 1 ნოემბრიდან, პოლიციელისა და საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს დამოუკიდებელი ორგანო, ინსპექტორის ინსტიტუტი გამოიძიებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ მინისტრის თქმით, ასეთი ინსტიტუტის არსებობა, არ არის აპრობირებული ევროპულ ქვეყნებში, თუმცა ვინაიდან საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში სისტემაში მყოფი პირების მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტები ხშირი იყო, რომლებსაც შემდეგ პასუხისგებისგან სისტემა იცავდა, ხელისუფლება იძულებული გახდა, ახალი მექანიზმი შეექმნა მის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

გადაწყვეტილება მთავრობამ 2014 წელს მიიღო, თუმცა სტრუქტურა 5 წლის შემდეგ იწყებს მუშაობას. 

"მოგეხსენებათ, რომ ბევრ განვითარებულ და ევროპულ ქვეყანას მსგავსი მექანიზმი საერთოდ არ აქვს, მაგრამ ის სისტემური პრობლემები, რომელიც ჩვენს წარსულში არსებობდა, განსაკუთრებით სამართალდამცავი სისტემების ფარგლებში, როდესაც ადამიანები, რომლებსაც დანაშაულთან ბრძოლა ევალებოდათ, თავად ჩადიოდნენ დანაშაულს, შემდგომ კი სისტემური ხასიათი ჰქონდა მათ დაუსჯელობას, 2014 წელს გვაიძულა აგვეღო ვალდებულება დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის თაობაზე. სისტემა ახლა სრულად შეცვლილია და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. 

მინდა ვთხოვო კოლეგებს, სამართალდამცველი სისტემის წარმომადგენლებს, რომ ითანამშრომლონ ამ სტრუქტურასთან, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ მოქალაქეებს უფრო მეტი ნდობა გაუჩნდეს პოლიციისა და ზოგადად სამართალდამცველების მიმართ," - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი