6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი მისცეს

30 ივლისი 2019, 11:35 340 ნახვა

მსხვერპლის ძალადობისგან დასაცავად 2019 წლის 6 თვეში 5399 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რაც გასული წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით  2100-ით მეტია.

ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდენი გამოიცა თბილისში-2655, მას მოსდევს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 563, ქვემო ქართლი - 477, კახეთი - 443 და აჭარა - 428 ფაქტი.

გასულ წელთან შედარებით გამკაცრდა პასუხისმგებლობა შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე და დარღვევის პირველივე შემთხვევა ისჯება სისხლის სამართლის წესით, ნაცვლად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში იქნა მიცემული 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3%-ია.

აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერების დარღვევა, ძირითადად, გამოხატული იყო მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის დარღვევაში და არა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში.

დამრღვევი 137 შემთხვევაში იყო მამაკაცი, ხოლო 7 შემთხვევაში - ქალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, სტატისტიკაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ  საკანონმდებლო ცვლილების მიღებით და სანქციების გამკაცრებით კიდევ უფრო გაუმჯობესდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები.

მათივე ინფორმაციით, 3%-ით შემცირდა შემაკავებელი ორდენის დარღვევის ფაქტებიც.  ასევე, გაზრდილია შემაკავებელი ორდერის დარღვევაზე მსხვერპლის მხრიდან პოლიციისადმი მიმართვის მაჩვენებელი, რაც დაზარალებულების სათანადო ინფორმირებულობასა და პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდაზე მეტყველებს.

საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ  მიმართვიანობის ზრდის პარალელურად, მსხვერპლთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებს დანაშაულის პოლიციისათვის შეტყობინებისაგან, რაც  მოძალადეს ახალისებს და ახალი, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგებს.

სამინისტრო  მსხვერპლსა და ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, მოუწოდებს დროულად შეატყობინონ აღნიშნული ფაქტები პოლიციას, რათა მათი თანამშრომლობის შედეგად დაზარალებულებს ჰქონდეთ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა და დაუსჯელი არ დარჩეს მოძალადე.

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი