მუსლიმებზე ძალადობის შემდეგ, შრი-ლანკაზე Facebook და WhatsApp-ი დროებით დაიბლოკა

13 მაისი 2019, 13:51 498 ნახვა


შრი-ლანკაზე მეჩეთებსა და მუსლიმთა სავაჭრო ობიექტებზე დაწყებული თავდასხმების გამო, ხელისუფლებამ სოციალური ქსელები დაბლოკა.

შეზღუდვები შეეხო „ფეისბუქსა“ და „ვოთსაფს“, ასევე გაცემულია ინსტრუქციები Viber, IMO, Snapchat, Instagram და Youtube- ის აპლიკაციების ბლოკირებისთვის.

ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მომხდარი ტერაქტების და ძალადობის ზრდის ფონზე მიიღეს. ძალადობის ბოლო შემთხვევა 12 მაისს დაფიქსირდა, როცა უცნობმა პირებმა რელიგიური ნიშნით ამოარჩიეს ის მაღაზიები, რომლის მეპატრონეები მუსლიმები იყვნენ და ქვები დაუშინეს ვიტრინებს. იმავე დღეს, მეჩეთებს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ მოქალაქეს.
შრი-ლანკის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაკავებულია „ფეისბუქის“ პოსტის ავტორი, 38 წლის მამაკაცი, აბდულ ჰამედ მოჰამედ ჰასმარი, რომლის კომენტარი - „ერთ დღეში თქვენ იტირებთ“, ძალადობის მუქარად იქნა აღქმული.

პოლიციამ ასევე დააკავა ჯგუფი, რომლის წევრები მუსლიმთა მაღაზიებზე თავდასხმაში არიან ბრალდებულები. ვითარების კონტროლისთვის, ქალაქში ღამით კომენდანტის საათი გამოცხადდა. "სოციალური მედია კვლავ დაიბლოკა როგორც დროებითი ღონისძიება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის", - განაცხადა მთავრობის კანცელარიის გენერალურმა დირექტორმა ნალაკა კალუვევამ. 
შრი-ლანკაზე ტერაქტი 21 აპრილს განხორციელდა. შედეგად დაიღუპა 257 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვმა კი 500-ს გადააჭარბა. ქვეყანაში მოქალაქეების ნაწილი, ტერორისტების ქმედებაზე, პასუხს მშვიდობიან თანამოქალაქეებს  სთხოვენ, რადგან მუსლიმები არიან.

ანა ახალაძე
მულტიმედიური ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი