არჩევნების მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია

06 ოქტომბერი 2016, 20:00 886 ნახვა

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მისი გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია. თუ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ცესკოს, საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღება მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან, არაუგვიანეს, მე-19 დღისა მოუწევს, - ამ შემთხვევაში კი შემაჯამებელი ოქმის მიღების უკიდურესი ვადა 21 ნოემბერია. 
როგორც ცნობილია, მაჟორიტარული არჩევნები 50%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება და მეორე ტური მაშინ ინიშნება, თუკი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს. მეორე ტურში ის ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუკი კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, ხელახალი არჩევნები იმართება.

ამავე კატეგორიაში