უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დაასახელეს კონკრეტულად რამდენი და რომელი შეიარაღება სჭირდება ქვეყნის არმიას. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მძიმე შეიარაღების მხრივ სჭირდება რუსეთთან პარიტეტი, კერძოდ, 1000 ჰაუბიცა 155 მილიმეტრიანი კალიბრით, ზალპური ცეცხლის 300 რეაქტიული სისტემა, 500 ტანკი, 2000 ერთეული ჯავშანტექნიკა და 1000 დრონი.
ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსები სევეროდონეცკის 70 პროცენტს აკონტროლებენ. მისივე თქმით, დაბომბვების გამო, ქალაქიდან ხალხის მასობრივი ევაკუაცია და ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდება შეუძლებელია. რუსული ძალები ბახმუტსაც ბომბავენ. ოკუპანტებმა ქალაქზე ავიაიერიში მიიტანეს.
გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა გაანადგურეს ხიდი, რომელიც აკავშირებს ქალაქ სევეროდონეცკს ქალაქ ლისიჩანსკთან, ლისიჩანსკში რუსული დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ექვსი წლის ბავშვია.