გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა დღეს 34 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იგი წარსულში ნასამართლევია.
გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული რა ტიპის დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და როდის დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
''შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს'' - წერია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.
ეს მუხლი კი დამამძიმებელ გარემოებაში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.