უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 46 შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 74-ჯერ გახსნეს.
„თავდასხმების შედეგად დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, - აცხადებენ გენშტაბში.
როგორც გენშტაბში განმარტავენ, ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან. მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. ამ მიმართულებებით, უკრაინელებსა და რუსებს შორის 46 საბრძოლო შეტაკება.
"ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი მოქმედებების წარმოებას. ქალაქ ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა გრიგორევკას, ბოგდანოვკასა და პრედტეჩინოს დასახლებების მიმართულებით“, - აცხადებენ გენშტაბში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქი დაბომბეს. საარტილერიო ცეცხლისა და ნაღმმტყორცნებით მიტანილი იერიშის შედეგად, ბელოპოლსკის დასახლებაში 100-ზე მეტი აფეთქება მოხდა. სარაკეტო იერიში განხორციელდა ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ პრიმორსკოეზე. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს საშუალო სკოლას. დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის შვიდი წლის ბავშვია.